ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ოფიციალური ვიზიტით ეწვია თსუ-ს მრავალწლიან პარტნიორ ორგანიზაციას - ბასკეთის ინსტიტუტს (Etxepare Basque Institute), რომელიც ბასკეთის ავტონომიური რეგიონის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
შეხვედრა გაიმართა ინსტიტუტის გენერალურ დირექტორთან ირენე ლარასა აისპურუასთან და ბასკური ენის პოპულარიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან მონიკა მადინაბეიტია მედრანოსთან. მხარეებმა შეაჯამეს თანამშრომლობის შედეგები და განიხილეს პარტნიორობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თსუ-ში ბასკური ენის სწავლების გაგრძელებისა და გაძლიერების, სასწავლო და კულტურული აქტივობების გაფართოების, ასევე ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტებისა და საერთაშორისო აკადემიური ინიციატივების ხელშეწყობის საკითხებს.
მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, მომავალშიც აქტიურად განავითარონ თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს თსუ-ს ინტერნაციონალიზაციის პროცესის გაძლიერებას, ევროპულ აკადემიურ სივრცესთან კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაციას და ქართული და ბასკური კულტურების ურთიერთგაცნობასა და პოპულარიზაციას.